X-XIII საუკუნეები - საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური აღმავლობის პერიოდი - ერთიანი ქართული, მძლავრი ფეოდალური სახელმწიფოს ჩამოყალიბებით მთავრდება. სვანეთი დამოუკიდებელ მმართველობას ინარჩუნებს, მაგრამ აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის აღმშენებლობით პროცესსა და თავდაცვის სფეროში. ქვეყნის აღმავლობა სვანეთსაც შეეხო. აქ დღემდეა შემორჩენილი შეწირულობებით მდიდარი 70 ეკლესია და მრავალი საკულტო ნაგებობა, მათ შორის წარმართული ხასიათის ნიშებიც. მარტო ლატალის თემში აღწერილია 24 ეკლესია, სოფ. ადიშში – 7 და ა.შ. ძეგლთა დიდი უმრავლესობა აგებულია X-XV საუკუნეებში და დამშვენებულია საქართველოს ფეოდალური ხანისათვის დამახასიათებელი ფრესკული მხატვრობით. იფრარის, ლაგურკის (წმინდა კვირიკეს) და ნაკიფარის ეკლესიები სამეფო კარის მხატვრის, თევდორეს მიერაა მოხატული XI-XII საუკუნეების მიჯნაზე, ლატალის მაცხვარიშის ეკლესია მიქაელ მაღლაკელს დაუმშვენებია ქრისტიანული ფერწერული ნახატებით (XII ს.) და სხვა, რაც ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობაზე მიუთითებს. ეკლესიების ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ არის აგებული და მოხატული - სოფ. უღვალის წმ. გიორგის ეკლესია ძმებს ანტონ და მიქაელ უმფრიანებს (XIV ს.) აუშენებიათ, სოფელ ლაღამის მაცხოვრის ეკლესია - შალვა ქირქიშლიანს (XV ს.), ლენჯერის მუხერის მთავარანგელოზი - იველდიანს (XV-XVI ს.ს.) და ა.შ.

საქართველოს მთიანეთში ძველთაგანვე არსებული ტრადიციის თანახმად, მორწმუნენი შეწირულობებით ამდიდრებდნენ ეკლესიებს. ამ ტრადიციის შედეგად სვანეთის ეკლესიებში დაგროვილია მორწმუნეთა მიერ სხვადასხვა დროს შეწირული მდიდარი ისტორიული მნიშვნელობის მქონე მასალა ძვირფასი ოქრო-ვერცხლის ნივთების, სამკაულების, სანადირო-საომარი იარაღის, ჯვარ-ხატების, ნანადირევის რქების, ნუმიზმატიკური ერთეულების, ხელნაწერების და სხვათა სახით. მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი ნაწარმია, ნაწილი კი შემოტანილი. ხატისა და თემის რიდით ამ სიმდიდრეს XX საუკუნემდე ხელს არავინ ახლებდა. ამჟამად ეკლესიებში არსებულ სიმდიდრეს სახელმწიფო იცავს. ამ სიწმინდეების დიდი ნაწილი გამოფენილია დაბა მესტიაში სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

სვანეთი მდიდარია შუა ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრული ძეგლებით, საცხოვრებელი კომპლექსებით, კოშკებით, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებით, ორიგინალური ჩუქურთმებით შემკული ავეჯით და საყოფაცხოვრებო ნივთებით.

საქართველო იმთავითვე წარმოადგენდა მეზობელი სახელმწიფოების პოლიტიკურ ინტერესთა შეჯახების პოლიგონს, მიმდინარეობდა გაუთავებელი ომები ქართული ტერიტორიების მიტაცებისა და საქართველოზე მათი ჰეგემონიის გავრცელების მიზნით. ომების ეს ტალღა სვანეთამდეც აღწევდა. ამიტომ შემთხვევით არაა, რომ დროთა ვითარებაში სვანი კაცის საცხოვრისმა ციტადელის ფუნქცია შეიძინა.

სვანური საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი კოშკია. იგი წარმოადგენს 5X5 მ კვეთის მქონე ოთხკუთხა წაკვეთილი ფორმის ქვით ნაშენებ პირამიდას, რომლის სიმაღლე 25 მეტრის ფარგლებში მერყეობს. კოშკი 4 ან 5 სართულიანია. ზედა სართულზე დატანებულია სარკმელები, რომელთა შიგა ზომები გარეთაზე მეტია, რაც მნიშვნელოვნად აფართოვებს მხედველობის არეს და ზრდის კოშკის თავდაცვისუნარიანობას. ფერდობთან ახლოს აგებული კოშკი აუცილებლად წიბოთია ორიენტირებული ფერდობისაკენ. კოშკის სივრცული ორიენტაცია, საძირკვლის ნახევრად სფერული ფორმა და მასიურობა უზრუნველყოფს მის მდგრადობას, რაც არაერთხელ დადასტურებულა სვანეთში მომხდარი სტიქიური მოვლენების (ზვავი, ღვარცოფი და სხვა) დროს.

სვანეთის ტერიტორიაზე საკმაოდ კარგადაა შემორჩენილი საგუშაგო –სათვალთვალო კოშკების სისტემა. საშიშროების შემთხვევაში პირველ კოშკზე ანთებდნენ სპეციალურად მომზადებულ თივას. ალის დანახვისას იგივე მეორდებოდა ყოველ მომდევნო კოშკზე და მთელი ხეობა სწრაფად მოდიოდა საომარ მზადყოფნაში. შეზღუდული ხილვადობის შემთხვევაში სიგნალი გადაიცემოდა თოფის გასროლით.

გარდა ამისა, იყო მსხვილი საფორტიფიკაციო ნაგებობები, რომლებიც კავკასიონის უღელტეხილებს აკონტროლებდნენ. მსგავსი ნაგებობების ნანგრევები შერჩენილია, მაგალითად, მდინარე ტვიბერის ხეობაში ორი კარიბჭის სახით.

სვანური საცხოვრებელი სახლი (მაჩუბი) დიდი ორსართულიანი შენობაა. პირველი სართული გამოიყენებოდა საცხოვრებლად და პირუტყვის დასაბინავებლად, მეორე სართულზე ინახავდნენ თივას. სახლი თბებოდა შუაცეცხლით, აქვე მზადდებოდა საჭმელიც. როგორც წესი, სახლი მიდგმული იყო კოშკზე. ოჯახის წევრთა რაოდენობა ოცდაათს და ზოგჯერ ასსაც აღწევდა. დღემდე შემორჩენილია რამოდენიმე ასეთი მსხვილი საცხოვრებელი კომპლექსი. მაგალითად, მულახის თემში, ქალდანების ეზო-გარემო გარშემორტყმულია სამი მეტრი სიმაღლის გალავნით, ეზოში ამჟამადაც დგას ერთი კარგად შემონახული და ერთიც ნახევრად დანგრეული კოშკი, აგრეთვე ეკლესია უნიკალური ჯვარ-ხატებით და სიწმინდეებით. აქ აგრეთვე ყოფილა ერთი სამსართულიანი და ორი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, პურეულის სალეწი კალო, დილეგები და საიდუმლო გვირაბი, რომელიც კომპლექსს გარე სამყაროსთან აკავშირებდა. ანალოგიური საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა გვხვდება დაბა მესტიაში და სოფ. ლატალში.

სვანეთის ისტორიისა და კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მუსიკალური ფოლკლორი. სვანეთის მკაცრი ბუნებისა და ყოფის შესაბამისად, მუსიკალური ფოლკლორიც მკაცრი და ომახიანია. სიმღერები ძირითადად ეძღვნება ლაშქრობებს, ომებს, ომის გმირებს, რელიგიურ თარიღებს, სახელოვან მეფეებს (მაგალითად თამარ მეფეს), ნადირობის ქალღმერთ დალის და სხვა. ბევრი სიმღერა ქრისტეშობამდეა შექმნილი და წარმართულ ელემენტებსაც შეიცავს (მაგალითად “ლილე” – ეძღვნება მზის ღვთაებას, “ქალთიდი” და სხვა).

როცა სვანეთის ცის ქვეშ ამ სიმღერებს ისმენთ, შემორკალული ხართ თოვლიანი მთებით და იმყოფებით კოშკების “ტყვეობაში”, განიცდით საოცარ მეტამორფოზას, კარგავთ დროის განზომილებას და გადადიხართ შუასაუკუნეების სამყაროში.




წმინდა მარიამის ეკლესია. უშგული
(ა.ჯობავას ფოტო)


ქალდანების ეკლესია. მულახი
(ვ.ნავერიანის ფოტო)


წმინდა კვირიკეს ეკლესია. კალა


ეკლესიის კარები


შობა. თევდორეს მიერ მოხატული
იფრარის ეკლესია 1096წ.


წმინდა გიორგი. ჭედური ხატი.
ოსტატი ასანი. ნაკიფარი XIს.


ფერწერული ხატი. ორმოცი მოწამე. სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, მესტია
(ვ.ნავერიანის ფოტო)


ჯვარი. მესტია, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
(ვ.ნავერიანის ფოტო)


მესტია


მულახი


ადიში. 1890წ. ვიტორიო სელამ ადიშში
14 კოშკი დააფიქსირა.
ამჟამად ხუთიოდეა შემორჩენილი


უშგული.
(გ.თიკანაძის ფოტო)


წისქვილი. კალა


კოშკი


კოშკი. მესტია


ერატიულ ქვაზე აგებული კოშკი. კალა


სვანური სახლი (მაჩუბი) საჯალაბო ოთახი.
(სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული
მუზეუმი, მესტია)


კოშკები და მაჩუბები ჩვიბიანში. სერზე სათვალთვალო-სასიგნალო კოშკი


ძველი და თანამედროვე სახლები
სოფ. ჟიბიანში

Copyright ©, 2006, ყველა უფლება დაცულია.